ნაწყვეტი წიგნიდან:
შესავალი
რიტორიკაში სწერია: ყველაფერი შესავალით უნდა დაიწყოს კაცმაო. ჭეშმარიტია. ჩვენც
ისე დავიწყოთ.
ვინც ლუარსაბის სახეში თავის-თავს იცნობს, ვინც ლუარსაბზედ დაწერილს თავის-თავზედ
მიიღებს, ის, რასაკვირველია, ლაფის სროლას დამიწყებს და „გიჟიას“ დაუძახებს ამ
მოთხრობის უხეირო დამწერსა. ეს კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ პირთან საქმე არა გვაქვს,
ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვწერთ.
სხვამ რაც უნდა სთქვას, მე კი ამ სიტყვების სიმართლით გავამხნევებ ჩემს თავსა:
„მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო”. სადა ხარ ეხლა ამ გონიერის სიტყვის
მთქმელო? ვიცი, სადაცა ხარ: ხალხში ხარ, უხილავო, და ხალხისა ხარ. ისიც ვიცი, რაცა
გქვიან: შენ ხალხის გენიას გეძახიან. ისიც ვიცი, რა თვისებისა ხარ: შეუცდომელი და
ყოველთვის მართალი ხარ. შენ და მხოლოდ შენ უკეთებ გულს იმას, ვისაც „სხვისთვის“
გული სტკივა. მაშინაც კი უკეთებ, როცა თვით ის „სხვანივე” თავიანთ გულშემატკივარს
ცოდვად უთვლიან გულის-ტკივილსა. რა ვუყოთ? ზოგი გულის-ტკივილს იმითი იჩენს,
რომ მოყვარეს ცუდსაც უქებს, და ზოგი კი იმითი, რომ ცუდს უწუნებს. ამ ორგვარ ხალხში
რომელს უფრო მეტი და ჭეშმარიტი გულის-ტკივილი და სიყვარული აქვს — ეს თითონ
მკითხველმა გამოიცნოს.