ნაწყვეტი წიგნიდან:
ჟანამ ბარგი ჩაალაგა და ფანჯარას მიუახლოვდა; წვიმა გადაღებას არ აპირებდა.
კოკისპირული წვიმა მთელ ღამეს შხაპუნებდა ფანჯრებს და სახურავებზე. დაბალი,
წყლით გაჟღენთილი ცა თითქოს სკდებოდა და მიწაზე იღვრებოდა, შაქარივით ადნობდა მას
და ტალახის ფაფად აქცევდა. გაშმაგებულ გრიგალს სულის შემხუთველი პაპანაქება
მოჰქონდა. წყლის ჩხრიალი ავსებდა უკაცრიელ ქუჩებს, სახლები კი ღრუბელივით
ისრუტავდნენ სინესტეს, შიგ რომ იჭრებოდა და სარდაფის სხვენამდე ასველებდა კედლებს.
ჟანამ წინა დღით სამუდამოდ დატოვა მონასტრის კედლები და მზად იყო, უკვე
თავისუფალს, შთაენთქა დიდი ხნის ნანატრი სიამენი ცხოვრებისა, ახლა კი ეშინოდა, მამა არ
მოინდომებს გამოდარებამდე გამგზავრებასო და უკვე მესამედ გაჰყურებდა ჰორიზონტს.