ნაწყვეტი წიგნიდან:
შერლოკ ჰოლმსის ბინის პატრონი მისის ჰადსონი ნამდვილად გაწამებული ქალი იყო. ჯერ
იყო და მისი სახლის ზედა სართულზე ნებისმიერ დროს ათასი ჯურის ავან-ჩავანი
მიდი-მოდიოდა, მერე იყო და თვითონ სახელგანთქმული მდგმური თავისი
ექსცენტრულობითა და მოუწესრიგებელი ცხოვრებით დიასახლისის მოთმინებას
მაჯლაჯუნასავით აწვა. უაღრესი უწესრიგობა, არევ-დარევა, დღე-ღამის ყოველ
შეუფერებელ დროს მუსიკის დაკვრა, რევოლვერის სროლა ოთახში, გამოუცნობი და
ზოგჯერ ფრიად მყრალი ქიმიური ცდები, ატმოსფერო დანაშაულობათა და საშიშროებისა,
რითაც იქაურობა იყო გარემოცული, ჰოლმსს ალბათ მთელს ლონდონში ყველაზე უფრო
აუტანელ მდგმურად აქცევდა. მაგრამ, მეორე მხრივ, ქირას მეფურად იხდიდა. ეჭვიც არ
მეპარება, რომ იმ ფულით, რაც ჩემი მასთან ნაცნობობის წლებში მისის ჰადსონს
გადაუხადა, იმ სახლის შესაძენად სრულიად საკმარისი იქნებოდა.