ნაწყვეტი წიგნიდან:
ერთ დილას, არეული სიზმრის შემდეგ გაღვიძებულმა გრეგორ ზამზამ
აღმოაჩინა, რომ საზარელ მწერად გადაქცეულიყო. იწვა თავის საწოლში,
ჯავშანივით მაგარ ზურგზე და თავის წამოწევისას ხედავდა ყავისფერ,
თაღოვან, რკალებად დაქერცლილ მუცელს, რომლიდანაც საბანი იატაკისკენ
მისრიალებდა. უამრავი, ტანის ზომასთან შედარებით უსაშველოდ წვრილი
ფეხი უმწეოდ წრიალებდა მის თვალწინ. „რა დამემართა?“- ფიქრობდა
გრეგორი. ეს არ იყო სიზმარი. მის პატარა, მაგრამ ჩვეულებრივ, კარგად
ნაცნობ ოთახში სიმშვიდე სუფევდა. მაგიდაზე მაუდის ქსოვილების ნიმუშები
იყო გაშლილი (ზამზა კომოვოიაჟერი გახლდათ). მაგიდის ზემოთ ეკიდა
სურათი, რომელიც ერთი ილუსტრირებული გაზეთიდან ამოეჭრა და
მშვენიერ, მოოქროვილ ჩარჩოში ჩაესვა.