ნაწყვეტი წიგნიდან:
ფერმა „მამულის“ მეპატრონემ ბ-ნმა ჯოუნსმა შებინდებისთანავე მიხურა საქათმეების კარები,მაგრამ გვარიანად მთვრალი იყო და ჩარაზვა არ გახსენებია. ხელში ლაპრით, რომლის ციმციმა შარავანდიც გამეტებით დახტოდა აქეთ-იქით, ბ-ნმა ჯოუნსმა ბარბაცით გადაჭრა ეზო. სახლის უკანა კართან ყელიანი ფეხსაცმელი ფეხიდანვე მოისროლა, სამზარეულოში ერთი ჭიქა ლუდიც დაცალა და საძილე ოთახს მიაშურა, სადაც კარგა ხანია ხვრინავდა ქ-ნი ჯოუნსი. ჩაქრა თუ არა შუქი საძილე ოთახში, ეზოში ერთი წრიალი და ჩოჩქოლი ატყდა. ჯერ კიდევ დღისით დაირხა ხმა - „მიდლ უაითის“ ჯილდოს მფლობელ ბებერ ტახ მეიჯერს უცნაური სიზმარი ენახა და მისი გაზიარება სურდა სხვა ცხოველებისათვის. გადაწყდა, როგორც კი ბ-ნ ჯოუნსს დაძინებულს დაიგულებდნენ, ბეღელში მოეყარათ თავი.