ნაწყვეტი წიგნიდან:
ლეგენდა
(ვუძღვნი ოლღა ჭავჭავაძისას)
I
სადაც დიდებულს მთასა მყინვარსა
ორბნი, არწივნი ვერ შეჰხებიან,
სად წვიმა-თოვლნი, ყინულად ქმნილნი,
მზისგან აროდეს არა დნებიან,
სად უდაბურსა მას მყუდროებას
კაცთ ჟრიამული ვერ შესწვდენია,
სად მეუფება ჭექა-ქუხილსა,
ყინულს და ქართა მხოლოდ შთენია,-
უწინდელს დროში ღვთისა მოსავთა
გამოუქვაბავთ მუნ მონასტერი
და იმ ყინულში შეთხრილს ღვთის ტაძარს
ბეთლემს უწოდებს დღესაცა ერი.
ფრიალოსაებრ ჩამოთლილი აქვს
იმ წმინდათ სადგურს ყინულის ზღუდე,
და ზედ კარია გამოკვეთილი -
ვით კლდის ნაპრალზედ არწივის ბუდე.
ზღუდის ძირამდე რკინის რამ ჯაჭვი
ზედა ჰკიდია თურმე იმ კარსა, -
და თუ არ ჯაჭვით, სხვაფრივ ვერა ზით
ვერ ძალუძს ასვლა ვერარა კაცსა.